
Tamtini Pastry School თამთინის საკონდიტრო სკოლა
ჩემი საქმიანობა საკონდიტრო სფეროში 2010 წელს დაიწყო. ძალიან გამიტაცა ზოგადად კულინარიამ და გადავწყვიტე, რომ პროფესიული ცოდნა მიმეღო. ამის შანსი 2013 წელს მომეცა, როცა საქართველოს კულინარიის აკადემიაში კონდიტერის პროფესიული კურსი გამოცხადდა. პირველი ვიყავი, ვინც ჩაეწერა და დღესაც ყველაზე ტკბილად მახსენდება აკადემიაში გატარებული დღეები. წლების შემდეგ აკადემიის ლექტორის პოზიციაზეც ვმუშაობდი. შემდეგ იყო სტაჟირება თბილისი მარიოტში და ერთ წლიანი პრაქტიკა მოსკოვის ერთ-ერთ საკონდიტროში “გალერეია ვკუსა”, სადაც ვშრომობდი და ცოდნას ვაღრმავებდი.
2015 წლიდან საქართველოში გავაგრძელე მუშაობა, როგორც კონდიტერი. ბევრ სხვადასხვა საკონდიტროსა და სასტუმროში ვიმუშავე, დავიმსახურე შეფ-კონდიტერის წოდებაც. გავხსენი რამოდენიმე საკონდიტრო თბილისში, ვიყავი ბრენდ შეფი ისეთი რესტორნისთვის, როგორიც ბიოლი ჰოლი, ვმუშაობდი როგორც კონდიტერი-კონსულტანტი ლონდონის ცნობილ საკონდიტროში.
პარალელურად, ყოველ წელს გავდიოდი კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს სხვადასხვა ქვეყნებში: საფრანდეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, რუსეთი. დღემდე მუდმივად სწავლის პროცესში ვარ, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო ჩემთვის არის ამ ცოდნის გაზიარება. მოწოდებით პედაგოგი ვარ და ჩემი პირველი უმაღლესი განათლებაც პედაგოგიკას უკავშირდება, ამიტომ უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, როცა მაქსიმალურად გავცემ დაგროვილ ცოდნას. დღეს ვარ ჩემი პატარა სკოლის “Tamtini Pastry School”-ის და Tamtini Bakery-ს შეფ-კონდიტერი და დამფუძნებელი.
სკოლა Tamtini Pastry 2016 წელს დავაარსე დედაჩემთან ერთან. თამთა და თინი – ორი პედაგოგი, მე ლინგვისტი და დედა-ისტორიკოსი. ორივეს გვიტაცებს კულინარია და საკონდიტრო საქმიანობა. გვსიამოვნებს ჩვენი ცოდნის სხვებთან გაზიარება, ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პროექტი, სადაც გავაერთიანეთ ჩვენი საყვარელი საქმიანობები. ასე შეიქმნა თამთინის საკონდიტრო სკოლა – ადგილი, სადაც სუფევს სიყვარული, პროფესიონალიზმი და ბევრი გემრიელი დესერტი.
თამთინი ბეიქერის მყუდრო სტუდიაში ვატარებთ მასტერ-კლასებს, ჯგუფურ და ინდივიდუალურ გაკვეთილებს. ჩვენს მოსწავლეებს ვასწავლით როგორც კლასიკურს, ასევე თანამედროვე დესერტებს ახალი ტექნოლოგიებით. გვაქვს ჩვენი ხედვა, ჩვენი სტილი და დიდი ცოდნა, რომელსაც სიამოვნებით ვუზიარებთ სხვა ადამიანებს.