„პავლოვა“- დესერტი, რომლის ბაზა არის მერენგა (ბეზე). ძალიან ჰაეროვანი, გვერდებში კნატუნა და შიგნით ნაზი ტექსტურის, ეს არის პეტერბურგელი მოცეკვავე ანნა მატვეევნა პავლოვას სახელობის დესერტი. ანნა პავლოვა იყო ცნობილი ბალერინა 20-ან წლებში და ძალიან ბევრი გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
დესერტი „პავლოვას“ შექმნის უამრავი ვერსია არსებობს, მაგრამ საბოლოოდ ახალი ზელანდიის და ავსტრალიის დესერტად ითვლება.
ერთ ერთი ვერსიით, 1926 წელს დესერტი გამოიგონა ველინგტონის სასტუმროს შეფ-მზარეულმა, როდესაც მათ მოცეკვავე სტუმრობდა. მეორე ვერსიით, დესერტის ავტორი შეფი ბერტ საშეა, რომელმაც 1935 წელს ავსტრიაში მიართვა მოცეკვავეს ხილით მორთული ბეზე.
„პავლოვა“ შეგიძლიათ როგორც ტორტად, ასევე ინდივიდუალურ დესერტად გამოაცხოთ. ხშირად აქვს ამოყვანილი ნაღების კრემი და სხვადასხა ხილი, უფრო ხშირად მარწყვი, ჟოლო და სხვა კენკრაა გამოყენებული.
მე გირჩევთ, რომ ინდივიდუალურ დესერტებად გამოაცხოთ, რადგან დაჭრა არაა კომფორტული. ასევე „პავლოვა“ უმჯობესია მომზადების დღეს მიირთვათ, უფრო სწორედ დაკრემვის და გაფორმების შემდეგ. არ გირჩევთ მაცივარში მეორე დღემდე შენახვას, რადგან მერენგა ძალიან რბილდება და სიხრაშუნეს კარგავს, კრემიც ძალიან არბილებს დესერტს.

ინგრედიენტები:
110გ კვერცხის ცილა (4 კვერცხის ცილა დაახლოებით)
100გ შაქარი
100გ შაქრის პუდრა
1ლიმონი ცედრა
½ ლიმონის წვენი
მწიკვი მარილი
მარწყვის კონფი:
100გ მარწყვი
15გ შაქარი
2გ პექტინი (თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ 1ს.კ სიმინდის სახამებელი გამოიყენოთ)
კრემი:
60გ ნაღები 33-35%
50გ შაქარი
100გ კვერცხის გული
½ ლიმონი წვენი
150-200გ კარაქი (მე 200გ გამოვიყენე)
40მლ კვანტრო (შეგიძლიათ გამოტოვოთ)
მოსართავად:
500გ მარწყვი (ან სხვა ნებისმიერი კენკრა)
შეგიძლიათ სასურველი ხილის ასორტი გამოიყენოთ
შაქრის პუდრა მოსაყრელად
მომზადება:
1)ფრანგული მერენგის მომზადება: ღუმელი გააცხელეთ 150 C-მდე. თუ ყალიბში აცხობთ, დაცხიმეთ და შაქრის პუდრა მოაყარეთ. შეგიძლიათ ყალიბის გარეშეც გამოაცხოთ. მე გამოვიყენე 22სმ დიამეტრის მრგვალი ყალიბი, თუმცა გირჩევთ პატარა ინდივიდუალური კალათები გამოაცხოთ. სილიკონის ხალიჩა ან პერგამენტის ქაღალდს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
ცილას დაამატეთ მარილი და თქვიფეთ საშუალო სიჩქარეზე, როცა ცილა გახდება ქაფისებური მასის, დაიწყეთ შაქრის ნელ ნელა ჩამატება. ამოიყვანეთ მყარი მერენგა, მაგრამ არ გადათქვიფოთ. მასა უნდა იყოს ბოლოს ბზინვარე, ერთგვაროვანი, უნდა იჭერდეს ფორმას. არ უნდა იშლებოდეს ფიფქებად. გადაიტანეთ საკრემავში და დასვით პერგამენტზე ან სილიკონზე პატარა წრეები, ისე რომ კედლები ცოტა მაღალი იყოს და შუა გულუ ოდნავ ჩაღრმავებული. შედგთ გაცხელებულ ღუმელში, პატარა კალათები დაახლოებით 30-40წ გამოცხვებიან. თუ, ჩემსავით დიდ ტორტად გამოაცხობთ 1 საათამდე დაჭირდება.
გამომცხვარი მერენგას „ბეზეს“ კედლები ოდნავ ოქროსფერი იქნები და ხრაშუნა, თუმცა შიგნით დარჩება ოდნავ რბილიდა ცოტა წელვადი.
გადმოიღეთ ცხაურზე და ბოლომდე გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე.
2) კრემი: კვერცხის გული, შაქარი გათეთრებამდე გადათქვიფეთ და დაამატეთ ლიმონი წვენი. ნაღები მიიყვანეთ ადუღებამდე და დაასხით კვერცხის მასას. მოურიეთ, მიიღეთ ერთგვაროვანი მასა და შემდეგ ქვაბით დადგით საშუალო ცეცხლზე, სულ ურიეთ, მოხარშეთ 83 C-მდე. ოდნავ უნდა გასქელდეს, მაგრამ კვერცხი არ უნდა მოგეხარშოთ. ეს არის ინგლისური კრემის მეთოდი.
გადმოიტანეთ ცივ ჯამში, დააფარეთ საკვები პლასტიკი კონტაქტში. ცელოფანი კრემს უნდა ეხებოდეს. როცა გაცივდება დაამატეთ რბილი კარაქი ნელნელა და დააბლენდერეთ.
3) აწყობა: ცივ მერენგას შუა გულში დაასხით უკვე ოდნავ შესქელებული მარწყვის კონფი. ზემოდან დასვით საკრემავით კრემი. შემოალაგეთ კენკრა და ხილი. მოაყარეთ შაქრის პუდრა. გააფორმეთ თქვენი გემოვნებით.
ძალიან გემრიელია! გარედან ხრაშუნა, შიგნიდან ნაზი, სიმჟავეც აქვს და საკმარისი სიტკბო.